ისტორია


2007 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი, მეხუთე ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, თავდაპირველად სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სახით, რომელსაც შემდგომში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (დეკანი დაარსების დღიდან პროფესორი კახაბერ ჭელიძე) ეწოდა. მასზე სწავლა გააგრძელა ყოფილი სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიის სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის 500–ზე მეტმა სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტმა, მათ შორის 70–მდე უცხო ქვეყნის მოქალაქემ.

რეორგანიზაციის პირველსავე ეტაპზე, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად  შეიქმნა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის თანამედროვე, ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად დაედო „ევროპის ფიზიკური და რეაბილიტაციური მედიცინის თეთრი წიგნი“. პროგრამის უზრუნველყოფას, გარდა ზოგადსაუნივერსიტეტო ბაზისური და კლინიკური დეპარტამენტებისა, ემსახურებიან ფაკულტეტში შემომავალი ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ფიზიკური მედიცინის, ფიზიოლოგიის, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის, კურორტოლოგიისა და სამკუნალო ტურიზმის, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის, ფუნქციური მორფოლოგიის, ზოგადი თერაპიისა და ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტები.

თეორიული მზადების გარდა ფაკულტეტის სტუდენტები კლინიკურ უნარ–ჩვევებს ეუფლებიან ფაკულტეტში ინტეგრირებულ სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრში (დირექტორი ვალერი ახალკაცი).

გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, ფაკულტეტზე მოქმედებს სამი სამაგისტრო, ხოლო დამტკიცების ფაზაშია ერთი სადოქტორო პროგრამა.

2007 წლიდან ფაკულტეტზე ფუნქციონირებს პროფესიული უმაღლესი საგანამანთლებლო პროგრამებიც. 2007–2009 წლებში პროფესიული უმაღლესი მედიცინის და ფარმაციის სკოლა ახორციელებდა ზოგადი პროფილის მედდის, სტომატოლოგის ასისტენტის, ფარმაცევტის თანაშემწის, კბილის ტექნიკოსის, სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის საგანმანათლებლო პროგრამებს. 2009 წლიდან განხორციელდა სკოლის ტრანსფორმაცია მის ამჟამინდელ ფორმაში ანუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში (კოორდინატორი მედეა ჯღარკავა), რომელიც მოიცავს ზემოთხსენებულ მიმართულებებს სტომატოლოგიური პროგრამების გამოკლებით. 2010–2011 სასწავლო წლიდან ფაკულტეტზე ამოქმედდება ბებიაქალთა დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა.

არსებობის სამი წლის მანძილზე ფაკულტეტს ჰყავს 400–მდე კურსდამთავრებული, მათ შორის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის 5 მაგისტრი.